ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს მეუღლე, მამა და არასრულწლოვანი შვილები შეხვდნენ.
შეხვედრის უზრუნველყოფა ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის" დახმარებით გახდა შესაძლებელი.
გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით გაწერილი იყო როგორც პაემანის დრო, ასევე მნახველთა რაოდენობა. ,,დაკავებიდან დღემდე გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და ,,წითელმა ჯვარმა" შეძლო, რომ შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. ორსაატნახევარი მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა.
მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს ჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცეები - თქვენებიერთ პატიმარს მაინც რატო ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).