ტურიზმის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნების მფლობელებს წარმატებები უსურვეს, სამეწარმეო საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
„ქართლი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო ადგილია. ქართლის ღვინოები მსოფლიოში უმაღლესი კატეგორიის ღვინოებად არის აღიარებული. ღვინის ტურიზმი საინტერესო მიმართულებაა, რომელსაც ქართლში განვითარების სერიოზული პერსპექტივა აქვს. ღვინის მარნები საოცრად იზიდავს ვიზიტორებს. თითოეულ თქვენგანს გიხდით მადლობას თავდაუზოგავი შრომისთვის და გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შეხვედრა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.