საზოგადოება
01.04.2021 13:33
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა - საგნის შეცვლას, დამატებას ან გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები 15 აპრილის ჩათვლით შეძლებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, სოფიო გორგოძის  თქმით მაგისტრანტობის 12 800-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 - ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე“, - განაცხადა გორგოძემ.

GMnews შეგახსენებთ, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, აბიტურიენტები ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას ისინი რეგისტრაციის მეორე ეტაპზე - 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი.

 

კვირის ამბები