ავტომანქანების ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრებს იურიდიული ძალა ამოეწურა.
სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა გუშინ, 31 მარტს ამოეწურა.
დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
ნებისმიერ მოქალაქეს 1-ლი აპრილიდანაც შეუძლია, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა. ნომრების შეცვლის ბოლო ვადად გამოცხადებული იყო 2020 წლის სექტემბერი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვადა გახანგრძლივდა და 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.