კონფლიქტები
06.11.2019 15:59
სოფელში არანაირი შეშფოთების საფუძველი არ ყოფილა - ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თანასოფლელები არ ადასტურებენ

გორის მუნჯიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან.

გამყოფ ხაზთან ოკუპანტების გდაადგილებაზე ინფორმაცია ხურვალეთში მცხოვრებმა ლუდა სალიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. სალიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთის განაპირას, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდნენ. 

,,ძალიან მაღიზიანებს როცა ვუყურებ ჩემი აივნიდან, როგორ მუშაობს ოკუპანტი, როგორ მოდიან მანქანები, როგორ თხრიან მიწას, როგორ გადაადგილდებიან, ძალიან მაღიზიანებს. გამოვტყდები, გავეპარე გუშინ დილით პოლიციას და ბოდიშს ვუხდი ამისთვის, პოლიცია მე ყოველთვის მაფრთხილებს, რომ ყოველ წუთს შეიძლება ამიყვანონ რუსმა ოკუპანტებმა. რომ მივუახლოვდი სადღაც 20 მ-ის დაშორებით, უკვე წამოვიდა ორი შეიარაღებული ოკუპანტი და აქეთ წამოვედი, რაც შევძელი, გადავიღე. მუშაობდნენ ბანერის გასწვრივ, აქეთა მხარეს. დავინახე, რომ კამაზებით გაიტანეს მიწა. შიშის ქვეშ ვართ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რისთვის ამოთხარეს ეს მიწა“, - აცხადებს ლუდა სალია. GMnews-ის კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სალია პასუხობს, რომ ქედი, სადაც ოკუპანტები გადაადგილდებიან ,,ჩვენი კონტროლირებადია“. 

,,ტერიტორია, სადაც იყვნენ, დიახ, ჩვენი კონტროლირებადია. ჩვენი კონტროლირებადია ეს ქედი, სადაც დგას რუსი თამამად და რაც უნდა, იმას აკეთებს“, - აცხადებს ლუდა სალია.

თანასოფლელების ნაწილი აცხადებს, რომ სალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

,,სულ ტყუილია ეგ განცხადება, აგერ, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ, ტრაქტორი და კამაზები ჰყავდათ და ხრეშს ზიდავდნენ, სხვა არაფერი მომხდარა, ლუდა სალია ალბათ, სხვანაირად ხედავს, მთელი დღე აქ ვარ, სკოლის დარაჯად ვმუშაობ და აქედან ვუყურებდი რას აკეთებდენენ“, - აცხადებს ხურვალეთში მცხოვრები ბადრი წიქარიძე.

,,ბანერი სადაც არის, იმ ბანერის გასწვრივ იყვნენ, ეს ტერიტორია ჩვენი მთავრობის კონტროლირებადი არ არის, დე ფაქტო რეჟიმი აკონტროლებს 2008 წლიდან“, - განაცხადა ხურვალეთის მკვიდრმა სპარტაკ ფიცხელაურმა.

სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიის ერთი მონაკვეთიდან მიწა მეორე მონაკვეთზე გადააქვთ გზის მოსაწყობად.

,,ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ღდულეთის მიმართულებით მიაქვთ მიწა, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდნენ, დღეს აღარ გამოჩენილან, არც აქეთ არ გადმოსულან, შესაბამისად, სოფელში არანაირი შეშფოთების საფუძველი არ ყოფილა“, - ამბობს დავით ხუროშვილი.

კვირის ამბები