30.03.2021 13:03
საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა
შემდეგ კვირას საქართველოში შემოვა ჩინური ვაქცინა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.
„კვირის ბოლოს ჩვენ უკვე ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის შემოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც იცით, რომ ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი. ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას, თუ დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.