30.03.2021 12:53
როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებელთან და მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
„ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის „ნოვავაქსის“ ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“, „ფაიზერის“, ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა „ნოვავაქსის“ შესყიდვაზე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.