ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრი სამედიცინო პერსონალისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინების დოზა შეზღუდული არ იქნება.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი ვაქცინაციას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, რადგან ვთვლით, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან, მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს. დამატებითი სქემა, რაზეც შევთანხმდით, იგივე იქნება, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვისაა.
ისინი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და სურვილის დაფიქსირების შემთხევვაში გაივლიან რეგისტრაცაის და ჩაიტარებენ ვაქცინაციას.
ვიცით, დაახლოებით რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქა უნდა, მათთვის საჭირო დოზა გვაქვს გამოყოფილი - დაახლოებით 500 დოზამდე. პენსიონერებთან დაკავშირებითაც ხედვა მეტად მკაფიოა, რადგან ისინი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ და მათთან მიმართებით საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში ჩადებული არ არის, დოზებს არ შევზღუდავთ. ამასთან, ისინი ვაქცინაციის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.