საზოგადოება
30.03.2021 12:11
ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს

საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინა ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

თეა ახვლედიანის თქმით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციის პროცესი დამტკიცებული ეროვნული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი პრეპარატით - „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ - მიმდინარეობს.

კვირის ამბები