სამართალი
29.03.2021 15:46
შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 16 მაღაზია დაჯარიმდა

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევების გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონში სულ 44 სპეციალიზებული მაღაზია შემოწმდა.

„საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, სააგენტო განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა. გასულ წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა, აქედან 154 დაწესებულებაში  სხვადასხვა სახის სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კვირის ამბები