საზოგადოება
29.03.2021 10:37
გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია განახორციელოს.

„ზემოხსენებულ შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90% ფინანსდება. გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც. თანადაფინანსების გაცემა მოხდება ამხანაგობის მიერ მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია, რომლის საშუალებითაც თვითმმართველობას პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების კანონიერად დახმარება შეუძლია. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“, - აცხადებენ გორის მერიაში.

GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო.

 

 

კვირის ამბები