სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.
უწყების ცნობით, კუნძულთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილიდან მოეწყო და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.
ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა, მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით დარჩნენ, პარალელურად, წყლის დონის მონიტორინგი დაიწყო“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.