საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში.
გაბუნიას თქმით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანია, დადგინდეს თუ რამდენ ადამიანს სურს ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში.
„ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რამდენად იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა ის ფაქტორი, რომელიც გამოიწვევს აქტივობის სტიმულაციას. რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით იმის მოლოდინი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული, როდესაც ვაქცინა შემოვა. მასიური ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მესამე, მეოთხე კვარტალში. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელიც მიმღებია ვაქცინების. ჩვენ ჯერ ამ რაოდენობას ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველომ დღეს დილით, Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა მიიღო. საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, ხოლო დღეს, 18:00 საათიდან კი, Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იქნება ხელმისაწვდომი.
Pfizer-ის ვაქცინა სწორედ ამ დროს აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის.