საზოგადოება
25.03.2021 12:30
მტკვარში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო, მაშველები დიდი ალბათობით წვრილფეხა პირუტყვის გადმოყვანას შეძლებენ

სოფელ ქვახვრელში, სადაც მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა ადგილობრივი მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია სამი საათის წინ განახლდა. მაშველები ცდილობენ, მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვი და მწყემსები გამოიყვანონ.

როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქვახვრელის ტერიტორიული ერთეულიდან, დავით ადუაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და დღეს, მაშველები, დიდი ალბათობით წვრილფეხა პირუტყვის გადმოყვანას შეძლებენ.

 

„მოგეხსენებათ, გუშინ, შუადღის შემდეგ დავიწყეთ მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვისა და მწყემსების გამოყვანის ოპერაცია, თუმცა,

წყლის დონის მატების გამო ვერ შევძელით, მწყემსებთან ერთად პირუტყვის გადმოყვანაც.  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ოთხმა მწყემსმა კუნძული დატოვა, ორმა კი, დარჩენა და პირუტყვის მეთვალყურეობა გადაწყვიტა. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას,

წყლის მკვეთრად დონემ დაიკლო და  კლებაში კიდევ მიდის. მაშველებიც ადგილზე იმყოფებიან,  გაამზადებული აქვთ შესაბამისი ინვენტარი და დღეს, დიდი ალბათობით წვრილფეხა პირუტყვს მაინც გადმოიყვანენ. ამ დროისთვის,  ადამიანების გადმოყვანა პრობლემა არ არის, თუმცა, ისინი საკუთარი სურვილით პირუტყვს არ ტოვებენ“, -  აღნიშნა დავით ადუაშვილმა.
შეგახსენებთ, სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ექვსი მწყემსი და ასამდე სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, სოფლის განაპირას, მდინარის კალაპოტში არსებულ ფერდობზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და ადამიანებიც და პირუტყვიც აღნიშნულ კუნძულზე ჩარჩნენ.

 

კვირის ამბები