საზოგადოება
24.03.2021 19:40
ქვახვრელში, მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ჩარჩენილი მწყემსებისა და ცხვრის გამოყვანის ღონისძიებები ხვალ დილით განახლდება

უხვი ნალექის გამო, სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვრის კალაპოტში ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, სადაც ადგილობრივი მწყემსები იმყოფებოდნენ, მდინარის წყლის დონის სწრაფი ტემპით მატების გამო, მწყემსებმა გამოსვლა ვეღარ მოასწრეს და ცხვართან ერთად ჩარჩნენ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი მცურავი საშუალებებით მიმდინარეობს მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უსაფრთხო ადგილზე  გამოყვანა.

,,უხვი ნალექის გამო, მნიშვნელოვნად მოიმატა მდინარე მტკვრის წყლის დონემ და მწყემსებმა, რომლებიც ცხვართან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, გამოსვლა ვეღარ მოასწრეს. ამ დროისთვის, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. იყო მცდელობა, რომ შესაბამისი მცურავი საშუალებებით მომხდარიყო მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არსებობს ალტერნატიული საშუალებაც - მტკვრის კალაპოტში წარმოქმნილ ამ კუნძულზე მაშველები კარვის გაშლას გეგმავენ, სადაც მწყემსები ღამეს გაათევენ და ხვალ განახლდება მათი და ცხვრის გამოსაყვანად შესაბამისი ღონისძიებები. კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კვირის ამბები