ხვალიდან, შიდა ქართლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კვლავ რამდენიმე კლინიკაში განხორციელდება. ბოლო დღეების განმავლობაში კი, რეგიონში ვაქცინაციის პროცესს მხოლოდ ორი კლინიკა - გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ხაშურის საავადმყოფო - მართავს.
იცრება თუ არა სამედიცინო პერსონალი ინტენსიურად და რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორში მხოლოდ ერთ კლინიკაში წარმოებულიყო ვაქცინაციის პროცესი, ამის თაობაზე GMnews სამედიცინო ქსელ „გორმედს“ დაუკავშირდა.
„რაც შეეხება ვაქცინაციას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე დიდი ტალღა ნოემბერ-დეკემბერში იყო, მედპერსონალის ძირითადი ნაწილის დაინფიცირება მოხდა სწორედ ამ პერიოდში, შესაბამისად, მათ 120 დღიანი სავალდებულო პერიოდი არ გასვლიათ და ამის გათვალისწინებით, ჯერჯერობით არ არის სამედიცინო პერსონალში ის დიდი მოცულობა, რომ გარკვეული რიგები წარმოიქმნას, ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 25 მარტამდე, გორში ერთი დაწესებულება მოემსახუროს ვაქცინაციას, ამ შემთხვევაში - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი. „გორმედი“ აგრძელებს როგორც კოვიდკლინიკის ფუნქციონირებას, დამატებით, ინარჩუნებს ჰიბრიდული კლინიკის ფუნქციას, ანუ მართავს სხვა პროფილებსაც, გარდა ამისა, ჩართულია ონლაინკლინიკისა და ტესტირების პროგრამაშიც. მას შემდეგ, რაც უკვე ასაკობრივი კონტიგენტი ჩაერთვება ვაქცინაციაში, 25-ის შემდეგ, „გორმედი“ კვლავ გააგრძელებს ვაქცინაციას მიზნობრივ ჯგუფებზე“, - განაცხადა სამედიცინო ქსელ „გორმედის“ დამფუძნებელმა გია სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფექციის დადასტურებიდან მხოლოდ 120 დღის გასვლის შემდეგ არის ვაქცინაცია ნებადართული. მიზნობრივი ჯგუფების იმ წარმომადგენლებს კი, ვისაც კორონავირუსული ინფექცია არ გადაუტანია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შესაბამის პორტალზე რეგისრაცია და ვაქცინაციის რიგის დაჯავშნა. სამედიცინო დაწესებულეების მუშაკებთან ერთად, ვაქცინაციის პროცესში, 25 მარტიდან ჩაერთვებიან 65 წელს გადაცილებული პირებიც.