გორის მერიამ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შეიმუშავა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აღნიშნული გეგმის პროექტს საზოგადოებას განსახილველად 7 ნოემბერს წარუდგენს.
გეგმის კონცეფცია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავდა. დოკუმენტის მოსამზადებლად საჭირო თანხა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
480 გვერდიანი, გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გორს გასული საუკუნის შემდეგ არ ჰქონია, მალე საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.
,,ზემოხსენებული კონცეფცია საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისას შეიძლება საყრდენ დოკუმენტადაც კი იყოს გამოყენებული, რადგანაც ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე. ამასთან, დოკუმენტი, შესაძლოა, ასევე, გახდეს გორის ბრენდის შემუშავების საფუძველი, რაც გაზრდის ქალაქის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას,“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (217 - ე აუდიტორიაში), 7 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.