საზოგადოება
24.03.2021 09:14
„ფაიზერის“ ვაქცინა დღეს შემოვა - მედიცინის მუშაკებს და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ, არჩევანი გააკეთონ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“ შორის

 „ფაიზერის“ ვაქცინა საქარველოში დღეს შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის ჯგუფი აიცრება, რომელზეც საკოორდინაციო საბჭომ უფლება გასცა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ვაქცინა გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც ,,ფაიზერით" ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც  საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  „ასტრაზენეკა“ 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციას მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების მუშაკები დაექვემდებარნენ, საკოორდინაციო საბჭოს 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით კი, შესაბამის პორტალზე რეგისტრაციის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად, აცრას შეძლებენ 65 წელს გადაცილებული პირებიც.

25 მარტიდან, როგორც მედიცინის მუშაკებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი თავად გააკეთონ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში სამედიცინო სექტორის 4000-ზე მეტი მუშაკია აცრილი.

კვირის ამბები