საზოგადოება
23.03.2021 13:02
ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია თუ გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს - ამირან გამყრელიძე

თუ ჩვენ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა, თუმცა, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდეს.

„არ ვიტყვი, რომ შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გვაქვს. სტაბილიზაცია გრძელდება, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი დღეა, სტაბილურად, ძალიან მცირედ შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც ინციდენტობის კუთხით (100 ათას მოსახლეზე გადათვლით), ისე დადებითობის მაჩვენებლის მხრივ. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუმცა დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. ნოემბრიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირეა. დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს  და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე. ამასთან, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. პანდემიისა და ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები