გასართობი და დასასვენებელი სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში - ძევერაში, შერთულსა და ტყვიავში მოეწყობა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე მიმდინარეობს. სამ ლოკაციაზე გასართობი სივრცეების მოსაწყობად, ჯამში, 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
„გორის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებულ სოფლებში სკვერების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, თითოეული სკვერის ტერიტორიაზე დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა განათება და ატრაქციონები. როგორც აღვნიშნეთ, ტენდერი მარტის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც გეგმის განხორციელება დაიწყება. პროექტის მიხედვით, სამუშაოების დასრულება ერთ თვეშია დაგეგმილი“, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, გასულ წელს, 22 სკვერი მოაწყო, რაზეც მილიონ ლარამდე დაიხარჯა.