სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა გარდაცვლილი დათა ვანიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლის ძველ სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
დათა ვანიშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრების საშუალება მხოლოდ ახლო ნათესავებს მიეცათ. გარდაცვლილის შვილის, ნანა ვანიშვლის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახს უფლება მისცეს, მავთულხლართებს მიღმა დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ახლო ნათესავები გადასულიყვნე.
გარდაცვლილის სამოქალაქო პანაშვიდი მავთულხლართებთან სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილით, გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საოკუპაციოს ხაზთან იმყოფებოდნენ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზვიად ზვიადაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი მამუკა საღარეიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საზოგადოების წევრები. ჩოხოსნებმა დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნით გააცილეს.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მოხუც მეუღლესთან და შვილიშვილთნ ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.
88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.