სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის დაკრძალვა დღეს გაიმართება. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ჰქონდათ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ოკუპანტები დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობას მისცემდნენ, თუმცა, დეტალები ამ დრომდე არ არის გარკვეული.
დათა ვანიშვილის ძმისშვილის, ზვიად ვანიევის თქმით, ამ წუთებშიც არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია შეძლებს თუ არა ბიძის დაკრძალვაზე დასწრებას.
„ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ვერცერთი ახლობელი ვერ ვახერხებთ მავთულხლართების იქით გადასვლას. მოვდივართ მხოლოდ ამ ე.წ. საზღვართან და შორიდან გამოვხატავთ მწუხარებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახლობლები პირად საუბრებში გვეუბნებოდნენ, რომ მოგვეცემოდა გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამ დრომდე სხვა არაფერი ვიცით. იმედი მაქვს, შევძლებ, ბიძაჩემი უკანასკნელ გზაზე გავაცილო და მის დაკრძალვას ამ ხელოვნურად შექმნილი ე.წ. საზღვრიდან არ ვუყურო“, - განაცხადა დათა ვანიშვილის ძმისშვილმა, ზვიად ვანიევმა.