22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. მეცნიერების დასკვნით, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღესდღეობით, მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. ამიტომ 22 მარტის კალენდარზე აღნიშვნა კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად/ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე 26060 მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები).
საქართველოს მდინარეების ჯამური წლიური ჩამონადენი 65800 მლნ. მ 3-ს შეადგენს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული ჩამონადენი – 56500 მლნ. მ3-ს. ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგები კი, დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია.