საზოგადოება
21.03.2021 16:09
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, კირბალის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსზე გეგმიური ტესტირებისას, კირბალის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს კოვიდ - 19 დაუდასტურდა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პედაგოგი გაკვეთილებს ხუთ კლასში ატარებს და შესაბამისად, ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსწავლეებთან და კოლეგებთან, სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.

,,მოგეხსენებათ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება კორონავირუსზე. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნული პედაგოგი გაკვეთილებს ატარებს ხუთ კლასში, შესაბამისად, თითქმის მთელი დღის განმავლობაში სკოლაშია და აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რესურსცენტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიიღო რეკომენდაცია, რომ სკოლა სრულად გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, ათვლა დაიწყო 20 მარტიდან და 12 დღეს მოიცავს", - განაცხადა GMnews-თან ნანა ტერმაკოზაშვილმა.
კვირის ამბები