რჩევები
20.03.2021 21:27
როდის და როგორ უნდა დათესოთ სააღდგომო ჯეჯილი

სააღდგომო ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, დათესვამდე უნდა გარეცხოთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ.

დილით წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და დასათესად მზადაა.

ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ, 2-3 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.

„ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ.

ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, არ დაგავიწყდეთ, დილა-საღამოს წყლით  დანამოთ.

სხვა ჭურჭელთან ერთად, ჯეჯილისთვის გამოდგება კვერცხის ნაჭუჭიც. ამისთვის, კვერცხს თავი ფრთხილად გაუტეხეთ და შიგთავსი გადმოღვარეთ. ნაჭუჭები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ, თითოეულ ნაჭუჭში ჩააფინეთ ცოტაოდენი სველი ბამბა და მოაყარეთ ხორბლის მარცვლები. ნაჭუჭები რომ არ დაიმტვრეს, კვერცხის კონტეინერში ჩააწყეთ და თბილ ადგილას დადგით. როგორც ლანგარზე დათესილი ჯეჯილის შემთხვევაში, აქაც საჭიროა დილა-საღამოს წყლის დასხურება, რომ ბამბა არ გამოშრეს.
ჯეჯილი ითესება აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე.

კვირის ამბები