კულტურა
06.11.2019 11:44
თურქეთში გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის სამარხები აღმოაჩინეს
თურქეთში, კერძოდ ქალაქ ერზერუმთან, გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის სამარხები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელ ავრცელებს.

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს" - წერს ჯანჯღავა.

გურჯი ხათუნი (იგივე თამარ ბაგრატიონი), თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან მეფისა და ერზერუმის სულთნის, ტოღრილის შვილი იყო. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს, ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. თამარისა და ხუსრევ II-ს ქორწილი დიდი მოვლენა იყო და იმდროინდელი აღმოსავლური წყაროებიც მრავლად მოიპოვება ამ ქორწინების შესახებ.

თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი სულ მალე სულთნის უსაყვარლეს ცოლად იქცა, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები და მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც სცადეს.

გურჯი ხათუნი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, მოლაპარკებებს აწარმოებდა უცხო ქვეყნების ელჩებთან და ბოლომდე ერთგული დარჩა ქრისტიანული რჯულის.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, მისი საფლავის ადგილმდებარეობა აქამდე უცნობი იყო.
კვირის ამბები