საზოგადოება
19.03.2021 20:26
რისკების გათვალისწინებით, ვაქცინაცია ჩატარდება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც რეანიმაციული განყოფილება ფუნქციონირებს

მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მრავალპროფილურ კლინიკებში არის რეანიმაციული განყოფილება, ვაქცინაცია მეტად უსაფრთხოა.

„ვაქცინაცია გაგრძელდება და ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

იმ რისკების გათვალსწინებით, რომ ანაფილაქციური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა ვაქცინაციის პროცესის მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც 27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

დღესვე, ვაქცინაციის შემდგომი გართულების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, ახლა კარგად არის.

კვირის ამბები