საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
პრეზიდენტის განცხადებით, დათა ვანიშვილი შეუპოვარი ბრძოლის მაგალითია.
„ის იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.
გარდაიცვალა, თუმცა, დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.
მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს”, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.