ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.
88 წლის დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების და სამედიცინო სერვისებზე წვდომის უფლებას არ აძლევდნენ, ამის შესახებ დავით ვანიშვილმა მედიასთან და მავთულხლართებთან მყოფ ევროპელ დიპლომატებთან არაერთხელ განაცხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მოხუც მეუღლესთან და შვილიშვილთნ ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზევე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ნათესავებს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების საშუალება სავარაუდოდ არ მიეცემათ.