საზოგადოება
19.03.2021 07:26
ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აგრძელებს ,,ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

,,ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

შეგახსენებთ, აღნიშნული საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, 27 წლის ექთანს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

კვირის ამბები