,,ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ,,ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება გუშინ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო.
,,ევროპის წამლის სააგენტოს“ წინასწარი მოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. ასევე, დასკვნაში ნათქვამია, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან. ,,ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ, აჭარბებს შესალო რისკებს", - განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა.
გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას დღეიდან განაახლებენ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა დღეიდან, 19 მარტიდან განახლდება.
ასევე, დღეიდან განახლდება ,,ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც.
ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.
„ასტრაზენეკას“ გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამაც. ესპანეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენების განახლების საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნების ნაწილმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რანდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო დროებით შეაჩერა.