ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 98 თანამშრომელი აიცრა.
გორში ვაქცინაცია ორ სამედიცინო დაწესებულებაში - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს.
,,როგორც მოგეხსენებთ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, გორშიც 15 მარტიდან მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამ დროის მონაცემებით, ანუ ეს გახლავთ 17 მარტის საღამოს მონაცემები, გორის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს 98 თანამშრომელი აიცრა, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება დღესაც. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფის აცრა, ეს გახლავთ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პირები. ვაქცინაციის პროცესი გორში შეფერხებებისა და რაიმე ტიპის გართულებების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით კი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 1842 მუშაკი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4935 თანამშრომელი.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ,,ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია.