საზოგადოება
18.03.2021 12:04
არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით გორის მერიამ უკვე ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა და 31 საქმე განიხილა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ამ დროისთვის უკვე ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა და 31 საქმე განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

„ერთი პროგრამით, გორის მერია 300 ლარით, ერთჯერადად, უზრუნველყოფს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2021 წელს შეუსრულდათ 18 წელი და სახელმწიფო ზრუნვიდან გადიან. მეორე პროგრამის ფარგლებში კი, ჩვენი უწყება ბავშვებს 350 ლარით უფინანსებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრებთან ერთად). ამასთან, განყოფილების მიერ, რვა თვის განმავლობაში წარმოებული 31 საქმიდან დაიხურა ოცი და ერთის გადამისამართება განხორციელდა სხვა უწყებაში. ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა ათი არასრულწლოვანის საქმეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მომართვიანობის საფუძველზე მუშავდება სტატისტიკურ ინფორმაციაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც GMnews-სთვის ცნობილია,  გარდა აღნიშნულისა, მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მერიის სტრუქტურული ერთეული გეგმავს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასაც. განყოფილება მალე დაიწყებს მუშაობას აღნიშნული კატეგორიის ოჯახების აღრიცხვისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

„განყოფილების ეფექტური მუშაობისთვის, რომლის საქმიანობაც ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს, შეუძლებელია საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას, თუ თვლით, რომ ოჯახში ირღვევა ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, დაუყოვნებლივ მომართეთ გორის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს. დაინტერესებულ პირებს, მერიის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია შეუძლიათ შემდეგ მისამართზე და ტელეფონის ნომრებზე: 995 599 30 04 24; 0370 27 00 03  გორი, გრიგოლ ფერაძის #5. ან ელექტრონული პორტალის Ms.gov.ge,  info@ gori. gov.ge - მეშვეობით.

 

 

კვირის ამბები