გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. ,,გორმედში" ჩატარებული რამდენიმესაათიანი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
გორში მცხოვრებ, 30 წლის ალექსანდრე არჩუაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად 5 ორგანო აქვს დაზიანებული.
„ამჟამად გორმედში რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას გადის 30 წლის მამაკაცი. პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანებათა მოცულობის და ხარისხის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს სიცოცხლისთვის საშიშ რამდენიმე დაზიანებასთან. ამჟამად, ვცდილობთ, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია პაციენტის სტაბილიზაცია და შემდგომში გავაგრძელოთ მიზანმიმართული მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დაზიანებები აქვს პაციენტს, ქირურგიული ჩარევის დროს ამოღებულია თირკმელი, ელენთა, ასევე, ორ ადგილზე დაზიანებული იყო კუჭი და მოხდა გაკერვა. დაზიანებული იყო ფილტვის ქსოვილი რომელიც ასევე გაიკერა. ამასთან, იყო მძიმე ტრავმული ჰემორაგიული შოკი და ხერხემლის ტრამვული დაზიანება. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იქნება კარგა ხანს, მოსალოდნელია უამრავი დაგეგმილი და დაუგეგმავი გართულება რისთვისაც მაქსიმალურად თადარიგს დავიჭერთ“, - აღნიშნა „გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის ხელმძღანელმა ტატო ქაჯაიამ.
ტატო ქაჯაიას თქმით, მიყენებული ჭრილობა არის ზურგიდან შემავალი. პაციენტის სხეულიდან ტყვიის გულა ამ დრომდე არ არის ამოღებული, ვინაიდან, ქირურგებს ოპერაციის დროს, პირველ ეტაპზე, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევდათ, ტყვიის გულა კი, სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 16 მარტს, გორის გასასვლელში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 17 საათზე მოხდა.
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა და დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.