გერმანიაში ლეგალური დასაქმების სქემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, აქედან გამომდინარე, GMnews გთავაზობთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც დასაქმების მსურველს აინტერესებს.
უკვე ცნობილია, რომ ამ დროისთვის გერმანიიდან საქართველოში 350 ვაკანსიაა შემოსული, ასევე ცნობილია, რომ თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. შერჩეული კანდიდატების პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს, დანარჩენები კი - ივნისში, ივლისსა და ოქტომბერში.
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, მოქალაქეების მხრიდან თავად რეგისტრაციისას გამოჩენილი ინტენსივობა უშუალოდ აპლიკაციების ინდივიდუალურ რეჟიმში შევსების დროს არ ნარჩუნდება.
„დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მაღალია, მაგრამ როდესაც ჯგუფურ კონსულტაციებს ვმართავთ და მათ დეტალურად ვუხსნით, რა ტიპის სამუშაოებზეა საუბარი, რომ ეს არ არის ნახევარი განაკვეთის სამუშაო, რომ მოუწევთ ფიზიკური დატვირთვა ღია ცის ქვეშ, რომ ამას ნამდვილად სჭირდება გამოცდილება, საქმის ცოდნა, ძლიერი ფიზიკური მომზადება, რომ ასევე, საჭიროა ენის ცოდნა, რადგან დამსაქმებელთან სწორი კომუნიკაცია წინაპირობაა შრომითი კომუნიკაციის წარმატების, - როდესაც ამ ყველაფრის გაცნობიერებაში ვეხმარებით სამუშაოს მაძიებლებს, მოქალაქეები ფრთხილობენ, შესაძლოა, სურთ, სხვა მაგალითების შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.
სად იღებს დასაქმებული ხელფასს - საწყის ეტაპზევე გაჟღერდა, რომ 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს, რომელიც ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადია სეზონურ სამუშაოზე დროებით დასაქმებულებისთვის. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ რიგი მოქალაქისთვის შესაძლოა, ჩაირთოს სოციალური დაზღვევის გადასახადი, რაც ეკონომიკურ სტატუსზეა დამოკიდებული. გერმანულმა მხარემ მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც სწორედ გერმანული მხარე განსაზღვრავს, უნდა დაიბეგროს თუ არა პირი სოციალური დაზღვევის გადასახადით და ამის შესახებ მოქალაქე ინფორმაციას გამგზავრებამდე მიიღებს.
5%-იანი დაბეგვრა შეეხება - პენსიონერს; სტუდენტს; დიასახლისს და მამასახლისს.
+20%-იანი დაბეგვრა შეეხება - დასაქმებულს; თვითდასაქმებულს.
აღნიშნულ გადასახადს მოქალაქე იხდის გერმანიაში გამომუშავებული თანხის აღებისას.
ამასთან, მოქალაქე გამომუშავებულ თანხას იღებს გერმანიაშივე ნაღდი ფული სახით, ან გერმანული საბანკო ანგარიშით - ეს მხარეებს შორის შეთანხმების საგანია.
ანაზღაურება - გაზაფხულისთვის შემოსულ ვაკანსიებზე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 9,5 ევროა, ივნისიდან კი იცვლება და ხდება 9,6 ევრო, რაც ვაკანსიებშიც არის მითითებული.
ამასთან, გერმანული კანონმდებლობით, თუ საათობრივი შემოსავალი 13 ევროს ასცდა (ეს ეხება ნებისმიერ სფეროს), განსხვავებული დაბეგვრის სისტემა მუშაობს და არა 5%-იანი.
რომელ კულტურებთან უწევთ მუშაობა - წარმოდგენილი ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას. როგორც ცნობილია, რიგ ვაკანსიებში მითითებულია ალუბალი, მარწყვი, სხვადასხვა ბოსტნეული.
რა ხარჯები აქვს დასაქმებულს - შერჩეული კანდიდატი გერმანიაში გამგზავრებამდე უზრუნველყოფს პისიარ-ტესტის საფასურს, იღებს ჯანმრთელობის ცნობას, ნასამართლეობის ცნობას, თავად ფარავს გამგზავრებისა და დაბრუნების საფასურს (ორივე მიმართულებით ბილეთის ფასი ჯამში, დაახლოებით, 1 300 ლარია). გარდა ამისა, დასაქმებულს თან უნდა ჰქონდეს დაახლოებით 300 ევრო, რომელსაც ხელფასის აღებამდე კვებითი მიზნებისთვის გამოიყენებს.
სად იცხოვრებს დასაქმებული - რაც შეეხება საცხოვრებელს, გერმანიაში არსებობს საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოში განმატავენ, საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება და თვეში დაახლოებით, 200-250 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. გერმანული მხარის მოთხოვნით, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18-დან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის სივრცეში მოგზაურობის ისტორია; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; შენგენის ქვეყნებში ნებისმიერი მიზეზით დარღვევის არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, ჯგუფში მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
დასაქმების მსურველებს განაცხადის შევსება ელექტრონულად, პორტალზე - http://workabroad.moh.gov.ge წლის ბოლომდე შეუძლიათ.