კულტურა
16.03.2021 12:16
400 დღიანი პაუზის შემდეგ, გორის თეატრში დაშვებული ფარდა 2 აპრილს საპრემიერო ჩვენებისთვის ისევ გაიხსნება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გორის თეატრში დაშვებული ფარდა, 2 აპრილს, საპრემიერო ჩვენებისთვის ისევ გაიხსნება. თანამედროვე რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, ერთგულ მაყურებელს, ამჯერად, ფლორიან ზელენის პიესის - „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლს წარუდგენს.  

მუდამ მომღიმარი ნიკოლასი, დედ-მამის განშორების შემდეგ ხდება მატყუარა, აცდენს გაკვეთილებს და ცხოვრების რთული ეტაპი ეწყება. ბიჭი დარწმუნებულია, რომ მამის სახლში გადასვლითა და სასწავლებლის შეცვლით მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა, მოგვიანებით ხვდება, რომ მამის სახლში არავის სჭირდება. ამიტომ ისევ დედასთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ....

„თითქმის 400 დღის შემდეგ, თეატრის დახურული კარი იხსნება, იხსნება ყველასთვის... შემოქმედებითი და ტექნიკური ძალები ამდენი ხნის შემდეგ, მაყურებელთან ერთად პირველად შექმნიან თეატრის დღესასწაულს. გვიხარია და თან ვღელავთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენთან ერთად თქვენც ითვლით დღეებს. გელოდებით“, - ამბობენ ერისთავის სახელობის თეატრში.

აღსანიშნავია, რომ „ვაჟიშვილი“ ერთადერთი საპრემიერო ჩვენება არ იქნება რომელსაც გორის თეატრი მაყურებელს ახლო მომავალში შესთავაზებს.  GMnews-ის ინფორმაციით, აპრილში, ჯამში, სამი სპექტაკლის პრემიერაა  ჩანიშნული. 10-11 აპრილს ექსპერიმენტულ სცნაზე მამუკა ტყემალაძის „იესოს საქმის“ განხილვა მოეწყობა. 24-25 აპრილს კი, რეჟისორი სლავა ასლამაზიშვილი, მაყურებელს სლავომირ მროჟეკის პიესის - „სტრიპტიზის“  თავისეულ ვერსიას შესთავაზებს.

კვირის ამბები