მინდა, მოვუწოდო ყველას, პირველ ეტაპზე კი, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელთა ვაქცინაციაც დღეიდან დაიწყო, რომ გავიზიაროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები და აცრა ჩავიტაროთ ყველამ, - აღნიშნულის შესახებ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.
საღარეიშვილი, ვიცეგუბერნატორთან, სიმონ გულედანთან ერთად, გორში, კლინიკა ,,გორმედის" ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
„ჩვენს რეგიონში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებების გარეშე დაიწყო, მოგეხსენებათ, შიდა ქართლში შემოტანილია 2600 დოზა, რომელიც მუნიციპალიტეტებში არის გადანაწილებული. ის პერსონალი, რომელიც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული, გადამზადებულია შესაბამისი მიმართულებით. როგორც მოგეხსენებთ, პირველი აცრებიც სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უტარდებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმართულია ვირუსისგან თავის დაცვის მიზნით და მინდა, მოვუწოდო ყველას, გავიაზიაროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები და აცრა ჩავიტაროთ ყველამ", - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
შიდა ქართლში, ვაქცინაცია დღიდან ორ კლინიკაში - „გორმედსა" და სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. 17 მარტს კი, ვაქცინაციის პროცესი კასპში, ქარელსა და ხაშურშიც დაიწყება.