საზოგადოება
15.03.2021 12:37
დღეს 20 პირი იცრება, დაწყებულია პროცესი და შეუფერხებლად მიმდინარეობს - „გორმედის“ დამფუძნებელი

შიდა ქართლში ვაქცინაციის პროცესი ამ წუთებში ორ სამედიცინო დაწესებულებაში - გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა „გორმედში" მიმდინარეობს. რეგიონი უზრუნველყოფილია „ასტრაზენეკას“ 2600 დოზა ვაქცინით, საიდანაც 1300 დოზა გათვლილია გორზე, 500 - ხაშურზე, 400-400 დოზა კი, კასპსა და ქარელზე.

ვაქცინაციას იმდენად ბევრი სიკეთე ახლავს, რომ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, დროულად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში, - აღნიშნულის შესახებ ,,გორმედის" ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ განაცხადა.

„დღეს არის ვაქცინაციის პირველი დღე ქვეყანაში. მოგეხსენებათ, „გორმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა ჩართულია ვაქცინციის პროცესში და დღეს 20 სამედიცინო პირი იცრება. ამჟამად, დაწყებულია პროცესი და გართულებების გარეშე, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კლინიკაში გამოყოფილია სივრცეები ვაქცინაციისთვის, მოგეხსენებათ, „გორმედის“ ქსელი თავიდანვე ჩართული იყო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეგიონის მასშტაბით, ფუნქციონირებს „გორმედის“ ქსელის სამი კოვიდკლინიკა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ ეტაპზე მხოლოდ გორში მიმდინარეობს აცრის პროცესი, 17 მარტიდან კი, ქარელის კლინიკაშიც დაიწყება კოვიდვაქცინაცია.

ეს ორგანიზებული პროცესია, ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, წინასწარ, სპეციალურ პორტალზე ხდება დაჯავშნა და „პაციენტის“ მიერ შერჩეულ დროს ხორციელდება აცრის პროცესი. ეს ყველაფერი ხორციელდება ისე, რომ შეფერხება არ მოჰყვეს სამედიცინო პროცესების მართვასაც.

ვაქცინაციას იმდენად ბევრი სიკეთე ახლავს, რომ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, დროულად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში", - განაცხადა ,,გორმედის" ქსელის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პირების (როგორც ექიმების და ექთნების, ასევე უმცროსი სამედიცინო პერსონალის, ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის) ვაქცინაცია. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყო გორში, კლინიკა ,,გორმედსა" და სამხედრო ჰოსპიტალში. 17 მარტს კი, ვაქცინაციის პროცესი დაიწყება კასპში, ქარელსა და ხაშურშიც.

კვირის ამბები