ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო, აცრები „გორმედში“ ტარდება და პირველი დღისთვის 20 პირია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხათუნა შრუბი კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კოვიდის გართულებები უფრო მეტ უარყოფითს იწვევს, ვიდრე ვაქცინაცია.
„ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო, პირველი დღისთვის 20 პირია დარეგისტრირებული. რაც შეეხება ვაქცინაციის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ ყველას, რომ კოვიდის გართულებები უფრო მეტ უარყოფითს იწვევს, ვიდრე ვაქცინაცია. აცრის პროცესს ზოგადად ახლავს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ის მოსაზრება, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ასტრაზენეკა“ თრომბოემბოლიების გამო შეაჩერა, ეს დადასტურებული არ არის. „გორმედის“ ყველა ექიმი ვიცრებით და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს - შემოგვიერთდნენ, გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც მოგვეხმარება, რომ დავამარცხოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
პროტოკოლის მიხედვით, მოქალაქეებს, ვისაც გადატანილი აქვთ კოვიდი, ინფექციის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ შეუძლიათ აცრის ჩატარება. რაც შეეხება მედპერსონალს, ვისაც კოვიდი არ გადაუტანია, მათ ნებისმიერ დროს ჩეუძლიათ ვაქცინაცია.
შეგახსენებთ, რომ მედპერსონალის ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია გორში გაიწყო, 17 მარტს კი - კასპში, ქარელსა და ხაშურშიც იქნება ხელმისაწვდომი.