დღეს ქვეყანაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო. გორში, ვაქცინაცია „გორმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს. პირველი „პაციენტი“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი, ქეთევან ლაფაჩი იყო.
ახლადაცრილი ექიმი კოლეგებს მოუწოდებს, დროულად ჩაიტარონ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა.
„ვმუშაობ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ექიმად. ამ პერიოდის განმავლობაში, ხშირად მქონდა შეხება კოვიდდადებით პაციენტებთან, არაერთი მათგანის ტრანსპორტირება გახდა საჭირო და სწორედ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ჩემს საქმიანობას ვახორციელებდი სპეციალური ეკიპირებით და ყველა რეკომენდაცვიის დაცვით. ამ პერიოდის განმავლობაში, კოვიდი არ შემხვედრია და მოუთმენლად ველოდებოდი ვაქცინის შემოსვლას. დღეს, ვაქცინაციის პირველ დღეს, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრში ჩავიტარე ვაქცინაცია - პირველი დოზა გავიკეთე. მოვუწოდებ ყველა ექიმს და მთელ სამედიცინო პერსონალს, რომ მისცენ მაგალითი ხალხს და აიცრან“, - აცხადებს კოვიდ 19-ზე აცრილი ექიმი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა. დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო პერსონალის აცრა მიმდინარეობს.