დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.
ამირან გამყრელიძის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვაც შემსუბუქდება. რაც შეეხება საკითხს, სრულად მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი თუ დრო გადაიწევს, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. მოგეხსენებათ, დღეს, შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 10 დღე/ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.