ცხინვალის საავადმყოფოში მოთავსებული პედაგოგის, თამარ გიგაურის შემდგომი მკურნალობის საკითხზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორში დაშავებულ 67 წლის ქალს კვლავ არ ეძლევა საშუალება, დატოვოს დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლოს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტის პროცესში ჩართულები არიან ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები და ორგანიზაცია წითელი ჯვარი.
„გიგაურთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარის მოთხოვნა, პირველ რიგში ის იყო, რომ მისი მდგომარეობა მოგვეკითხა და დეტალურად გვცოდნოდა, თუ რა მდგომარეობაშია ის ცხინვალის საავადმყოფოში. ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა თამარ გიგაურის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის საკითხი, რადგან ეს წმინდა ჰუმანიტარული საკითხია. მათი ინფორმაციით, ქალბატონი ნორმალურადაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი, ისევე როგორც ოჯახს, გვრჩება, რადგან ადამიანს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობები. რაც მთავარია, აქ საუბარი ოჯახის სურვილზეა. როცა ოჯახს და პაციენტს სურს, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის გადაადგილდეს და ამის საშუალება არ ეძლევა, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამ საქმეში ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორები - ჟენევის თანათავმჯდომარეები, ისევე როგორც წითელი ჯვარი. მცდელობა არც ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, მოქმედებებს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.