შიდა ქართლს კოვიდ 19-ის ვაქცინის 2600 დოზა გადაეცა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობიდან 1300 დოზა გათვლილია გორზე, 500 - ხაშურზე, 400-400 დოზა კი, კასპსა და ქარელზე.
,,რეგიონი, პირველ ეტაპზე, უკვე უზრუნველყოფილია „ასტრაზენეკას“ 2600 დოზა ვაქცინით. ვაქცინაცია დაიწყება 15 მარტს და პირველ ეტაპზე მხოლოდ პრიორიტეტულ ჯგუფებს მოიცავს - მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პერსონალს. რეგიონში შეირჩა 5 ლოკაცია, სადაც ჩატარდება ვაქცინაცია. ვაქცინაციის პროცესის განხორციელებისთვის, კასპში ერთი, დანარჩენ სამედიცინო ცენტრებში ორ-ორი ჯგუფია სპეციალურად გადამზადებული, ასევე, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადამზადებულია მესამე - სარეზერვო ჯგუფიც.
მედპერსონალის ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება გორში, კლინიკა ,,გორმედსა" და სამხედრო ჰოსპიტალში. 17 მარტს კი - კასპში, ქარელსა და ხაშურში.
ყველა იმ პირს, ვისაც ჩაუტარდება ვაქცინაცია, გადაეცემა აცრების ბარათი, სადაც მინიშნება მეორე, ანუ რევაქცინაციის თარიღიც, რომელიც 4-დან 8 კვირამდე ინტერვალს ითვალისწინებს", - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.