საზოგადოება
13.03.2021 11:55
„ასტრაზენეკა“ ავტორიზიებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა - ამირან გამყრელიძე

ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, ამიტომ ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ყველას გთხოვთ, მასმედიას, მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას, ანუ 60%-ია ჩვენი სამიზნე. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზიებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა. პირველი პარტია - 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ, ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები