საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა. ორშაბათს, 15 მარტს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კოვიდინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 15 მარტს სასწავლო პროცესი არ განახლდება გორის მე-2 და ტყვიავის საჯარო სკოლებში.
,,მოგეხსენებათ, გორის მე-2 საჯარო სკოლაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და ეს სკოლა ორშაბათს ჯერ კიდევ ვერ განაახლებს სასწავლო პროცესს შენობაში. კიდევ ერთი სკოლა გვაქვს, სადაც საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდგომ, კლასებში სწავლას ვერ შევძლებთ - ტყვიავის საჯარო სკოლაში რამდენიმე პედაგოგს და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ 19, შესაბამისად, ეს სკოლაც სწავლების დისტანციურ რეჟიმში განაახლებს 15 მარტს გაკვეთილებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დანარჩენ 65 სკოლაში კი, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განახლდება", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა 8-12 მარტს საგაზაფხულო არდადეგებით ისარგებლეს. I კლასი სასწავლო წელს 07 ივნისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება.