საზოგადოება
12.03.2021 10:58
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ახალი საჯარო სკოლა შენდება

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალი საჯარო სკოლა შენდება. GMnews-ის ინფორმაციით სასწავლო დაწესებულების შენობა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტის მიხედვით, ასევე, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება,  ბიუჯეტი კი,  მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერა.

,,მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ მეზობელი სოფლის სკოლით უწევთ სარგებლობა. ახალ სასწავლო წელს კი, ისინი  სწავლას ახალ სკოლაში გააგრძელებენ“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები