გორში მუნიციპალური ტრანსპორტის გამოჩენის შემდეგ, ცალკეული ავტობუსების მარშრუტები რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგიერთი ნომერი გაუქმდა, ზოგს კი - მოძრაობის არეალი გაუფართოვდა.
GMnews დაინტერესდა, მგზავრთა ნაკადის შემსუბუქების მიზნით, კიდევ იგეგმება თუ არა გარკვეული ცვლილებების შეტანა ტრანსპორტის მარშრუტში.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, კონკრეტულ მიმართულებებზე მგზავრთა ნაკადის აღწერა მიმდინარეობს და სწორედ აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შეიცვლება თუ არა რამე მარშრუტებში.
„მიუხედავად იმისა, რომ გორი პატარა ქალაქია, არსებული ავტოპარკი საკმარისი არ არის ყველა მოქალაქის სურვილის დასაკმაყოფილებლად. მოსახლეობისგან წამოსული უკმაყოფილება გარკვეულწილად მიუღებელია, რადგანაც გარკვეული კატეგორია ითხოვს, მათ ეზოებამდე, სადარბაზოებამდე მოძრაობდეს ტრანსპორტი, რაც აბსურდია. თუმცა, კონკრეტულ მიმართულებებზე მგზავრთა ნაკადის სიუხვეც ცხადია. სწორედ ამიტომ, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს მგზავრთა ნაკადის აღწერა და შეგროვილი მონაცემების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა ცვლილებები ცალკეული ნომერი ავტობუსის მარშრუტში,“- განაცხადა GMnews-თან საუბრისას არჩილ განჯელაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, ქალაქში კვლავ გამოჩნდეს სამარშრუტო ტაქსები, ამ ინფორმაციას არც მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი უარყოფს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკიხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, განიხილება.