ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი სგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა საზოგადოებს თხოვნით მიმართა, დაიცვან ელემენტარული წესები და ქვეყანას ვირუსის მესამე ტალღის განვითარება აარიდონ.
„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა, ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის პროცესს და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი პარტია მალე შემოვა.