პროექტის - „ალტერ - Space“, „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის ხელოვნების სახლში უფროსკლასელები ფოტოგრაფიასა და მულტიმედიაში პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. დაინტერესებული მოზარდები , კინოხელოვნების გამოყენებით, ასევე, ეცნობიან ადამიანის უფლებებსაც. ზემოხსენებულ პროექტს კი, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, „ალტერ - Space“-ი აშშს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერაა დაფინანსებული.
პროექტზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე განხილულ იქნა ის საჭიროებები, რასაც პროექტი ითვალისწინებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს ასეთი საინტერესო და მოზარდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ისეთ საქმიანობას, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგება და მათ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.