გორის მუნიციპალიტეტში ტაქსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 2003 წელს დაბადებული ახალგაზრდაა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2003 წელს დაბადებული ნ.დ. გორში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შემთხვევა 10 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაზარალებული ტაქსის მძღოლია, რომელსაც კლინიკა „გორმედში" გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არსებული ვერსიით, მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.